საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა რეფორმების საკითხებში, თუმცა საკითხი უმაღლეს რადაში განსახილველად არ შესულა.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ რეფორმების მიმართულებით მას ვიცე პრემიერის თანამდებობა შესთავაზა და დაავალა მოლაპარაკებების წარმოება მსოფლიო სავალუტო ფონდთან და სხა საფინანსო ორგანიზაციებთან.
უკრაინაში სააკაშვილის აქტიურ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შეშფოთება მოჰყვა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თავის უკრაინელ კოლეგას დმიტრო რაზუმკოვს წერილი გაუგზავნა, სადაც მან საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე შესაძლო დანიშვნის გამო შეშფოთება გამოთქვა.
საქარველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ სააკაშვილის თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში, უკრაინაში საქართველოს ელჩს კონსულტაციებისთვის გამოიწვევდნენ.
მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშნვას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.