უკრაინის მთავრობამ უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე პრემიერად დანიშვნის წარდგენა უკან გაიწვია. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "ცენზორ.ნეტი"-ს მთავარმა რედაქტორმა იური ბუტუსოვმა Facebook-ზე დაწერა.
ბუტუსოვმა აღნიშნა, რომ ამის მიზეზი იმ დეპუტატების სიმცირე გახდა, როლებმაც სააკაშვილის მხარაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
"ფრაქციაში "ხალხის მსახური" ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მოხერხდა 248 დეპუტატიდან დაახლოებით 140-170 ხმის შეგროვება სააკაშვილის დანიშვნის სასარგებლოდ“, - დაწერა ბუტუსოვმა.
მისი თქმით, ამის მიზეზი გახდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის მხარდაჭერა საჯაროდ არ გამოეცხადებინა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად უკრაინის ხელისუფლება აპირებს საააკშვილის კანდიდატურა ოდესის მერის არჩევნებზე დააყენოს.
როგორც ცნობილია, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ რეფორმების მიმართულებით მას ვიცე პრემიერის თანამდებობა შესთავაზა და დაავალა მოლაპარაკებების წარმოება მსოფლიო სავალუტო ფონდთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან.
უკრაინაში სააკაშვილის აქტიურ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შეშფოთება მოჰყვა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თავის უკრაინელ კოლეგას დმიტრო რაზუმკოვს წერილი გაუგზავნა, სადაც მან საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე შესაძლო დანიშვნის გამო შეშფოთება გამოთქვა.
საქარველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ სააკაშვილის თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში, უკრაინაში საქართველოს ელჩს კონსულტაციებისთვის გამოიწვევდნენ.