გუშინდელ აქციაზე მომხდარმა ე.წ. „სიურპრიზმა“ და შიდა დაპირისპირების მცდელობამ ყველა ჩაგვითრია გაუგებრობაში, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია "სტარტეგია აღმაშენებლის" განცახდებაში.
"გუშინდელი დღე ნათელი დასტური იყო იმისა, თუ რამხელა ენერგია, ერთიანობა და ცვლილებების სურვილი არსებობს საზოგადოებაში. ქუჩაში გამოსული უამრავი ადამიანი ცალსახად გვიჩვენებს,რომ ქვეყანაში რეალური ალტერნატივის შექმნისა და გამარჯვების დიდი მუხტია.
სამწუხაროდ, გუშინდელ აქციაზე მომხდარმა ე.წ. „სიურპრიზმა“ და შიდა დაპირისპირების მცდელობამ ყველა ჩაგვითრია გაუგებრობაში. მიუღებელია მსგავსი ქმედება წინასწარ დაგეგმილად კეთდებოდეს, პარტნიორები ამის შესახებ ინფორმირებულნიც კი არ ვიყავით.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ მკაფიოდ ემიჯნება მომხდარ ინციდენტს. ხაზგასმით ვაცხადებთ:პარტნიორებს შორის მსგავსი ქმედება და შეუთანხმებელი ნაბიჯები კატეგორიულად მიუღებელია.
ჩვენ თანამშრომლობის გაგრძელებას ვაპირებთ ყველასთან, ვისაც რეალური ცვლილებებისა და გამარჯვების საერთო მიზანი ამოძრავებს, და არ ვაპირებთ ურთიერთობას მათთან, ვინც პარტნიორებს მსგავს „სიურპრიზებს“ უწყობს", - აღნიშნულია განცახდებაში.
ცნობისათვის, 28 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სიტყვით არ გამოსულა. გარდა ამისა, თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ორგანიზებით აქცია გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გამოიწვია აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბანერმა, რომელზეც ერთდროულად იყვნენ გამოსახული მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი.