ირანში 23 წლის სტუდენტ ნაჯმე ამინის წინასწარმეტყველ მუჯამედის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. სასამართლომ მას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian. ავრცელებს.
ამინი ბუღალტერიის ფაკულტეტის სტუდენტია და ამჟამად ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ მაშჰადში, ვაქილაბადის ციხეში იმყოფება. ის 2026 წლის იანვარში, ირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.
უფლებადამცველების ინფორმაციით, ამინის ორი სხვადასხვა საქმის ფარგლებში მიუსაჯეს სასჯელი. წინასწარმეტყველის შეურაცხყოფის ბრალდებით მას სიკვდილით დასჯა ემუქრება, ხოლო ცალკე საქმეზე, ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებისა და ხელისუფლების საწინააღმდეგო პროპაგანდის გავრცელების ბრალდებით, 12 წლით, ექვსი თვითა და ერთი დღით პატიმრობა მიესაჯა.
ციხიდან გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ამინიმ საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართა და გაერო0ს, ადვოკატებსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს მისი საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.
„დღეს არ მინდა, გმირად გამომიყვანონ. მხოლოდ ერთი რამ მინდა - ჩემი ხმა გაიგონ“, - განაცხადა მან.
„მე უდანაშაულო ახალგაზრდა გოგო ვარ, რომელსაც ბევრი იმედი და ოცნება აქვს. მშობლები მელოდებიან. ჩემს ოჯახს ყოველ ღამე ჩემი დაკარგვის შიში აქვს“, - თქვა ამინიმ.
უფლებადამცველი ორგანიზაცია Iran Human Rights-ის ხელმძღვანელის, მაჰმუდ ამირი-მოღადამის განცხადებით, ახალგაზრდა ქალისთვის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო სიკვდილით დასჯა საგანგაშოა და შესაძლოა, მშვიდობიანი გამოხატვის წინააღმდეგ სასიკვდილო სასჯელის გამოყენების გაფართოებას შეუწყოს ხელი.
ირანის კანონმდებლობით, წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფა სიკვდილით ისჯება. ამინის განაჩენი ჯერ საბოლოო არ არის და მისი გასაჩივრება ირანის უზენაეს სასამართლოში შესაძლებელია.