ბიუჯეტის განხილვის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტის შენიშვნები მთავრობამ გაითვალისწინა. ამის შესახებ განცხადება დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილმა გაკეთა.
"საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის'' პროექტის პირვანდელი ვარიანტის თანახმად, მთავრობას ბიუჯეტის დამტკიცებამდე პარლამენტში ბიუჯეტის პროექტი სამის ნაცვლად, ორჯერ უნდა წარედგინა, რაზედაც პარლამენტის წევრებმა პროტესტი გამოთქვეს.
გათვალისწინებული იქნა ასევე ბიუჯეტის დამტკიცების ვადები. მთავრობის ინიციატივის თანახმად ბიუჯეტის დამტკიცება 1-ელ დეკემბრამდე უნდა მომხდარიყო.
როგორც პეტრიაშვილმა საბიუჯეტო კოდექსის მეორე მოსმენისას განაცხადა, მთავრობამ პარლამენტის შენიშვნები ორივე შემთხვევაში გაითვალისწინა.
მთავრობა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტს დამტკიცებამდე კვლავ სამჯერ წარადგენს და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება არა უგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა.