მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ფინანსური პოლიციის აღდგენის კატეგორიული წინააღმდეგია. როგორც მოძრაობის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული უწყების აღდგენა ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, რადგან ისედაც კრიზისული ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.
"პოლიტიკური მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" კატეგორიულად ითხოვდა ფინანსური პოლიციის დე-ფაქტო გაუქმებას, რადგან ის მეწარმეების დატერორებისა და ხელისუფლების მიერ თავისი პოლიტიკური ოპონენტების დევნის ინსტრუმენტს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, ფინანსური პოლიციის არა თუ დე-ფაქტო გაუქმება, არამედ მისი დე-იურე აღდგენა.
ჩვენ ვაცხადებთ, რომ ხელისუფლების მორიგი "ნოვაცია", ბიზნესის დატერორება და პოლიტიკური ნიშნით ხელისუფლების ოპონენტების დევნა უფრო მასობრივ ხასიათს მიიღებს", - განაცხადა ნოღაიდელმა.
2007 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად, საგადასახადო, საბაჟო დეპარტამენტებისა და ფინანსური პოლიციის ბაზაზე, ერთიანი შემოსავლების სამსახური ჩამოყალიბდა. დღეს ხელისუფლება ამ სფეროში სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელებას აპირებს - მთავრობა პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივით, რომ საგამოძიებო დეპარტამენტი გამოეყოს შემოსავლების სამსახურს და მოხდეს ფინანსური პოლიციის აღდგენა. კანონპროექტის მიხედვით, ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელს დანიშანვს პრეზიდენტი, ფინანსთა მინისტრის წარდგინების საფუძველზე და ეს მაშინ, როდესაც თავად ფინანსთა მინისტრის დანიშვნა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.