ოკუპირებულ ტერიტორიებზე მედიკამენტების დეფიციტია, საოკუპაციო რეჟიმმა ქართული წარმოებისა და წარწერის მქონე წამლების ამოღება დაიწყო. ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საუბრობს.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ქართული წარწერით მედიკამენტების გაყიდვა იკრძალება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აყენებს.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა, განათლების თემაა. მისი თქმით, ე.წ. საზღვარს მიღმა დარჩენილ მოსახლეობას ქართულ ენაზე განათლების მიღების საშუალება არ ეძლევა, ადგილზე ეთნიკური ნიშნით მასწავლებლების დევნა და გათავისუფლება ხორციელდება.
"ის, რომ მედიკამენტების ამოღება დაიწყეს ქართული წარწერებით, პირდაპირ არის მიმართული ადამიანების წინააღმდეგ და არა მხოლოდ ქართველები, არამედ ძალიან ბევრი ეთნიკური ოსი მოსახლე ზარალდება. ამ ყველაფერთან ერთად, რაც ხდება და რაც არის ძალიან შემაშფოთებელი, არის ქართულ ენაზე სწავლების სრული აკრძალვა, რაც წლიდან წლამდე, კიდევ უფრო მაღალ კლასებში ვრცელდება. სინქრონიზებული პოლიტიკაა საუბედუროდ. ჩვენთვის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მწვავე საკითხი," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.