საერთაშორისო ანტიქართულ ფრონტს ოფიციალურად ემატება ჩვენი მეზობელი თურქეთი, რომელიც რუსეთს ჩრდილო კვიპროსის სანაცვლოდ სთავაზობს აფხაზეთსა და ცხინვალის დე-იურე აღიარებას დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"უკვე ცხადია, რომ თურქეთის მმართველ ელიტაში მიძინებულმა მტაცებელმა გაიღვიძა. საქმე იქამდე მივიდა, რომ თურქეთმა მხარი არ დაგვიჭირა გაეროს გენანსამბლეაზე კენჭისყრისას, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხებოდა", - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.
მისივე განცხადებით, წელს გამოცემულ თურქულ სახელმძღვანელოთა რუკებზე აჭარა მიჩნეულია ანკარის საკუთრებად.
"თურქეთი სეპარატისტული სოხუმისათვის ფინანსურ და საზღვაო არტერიადაც იქცა. საქართველოს გამყიდველი პრეზიდენტი კი ან მორცხვად დუმს ან ათათურქის მავზოლეუმს ამკობს ყვავილებით", - განაცხადა ნათელაშვილმა.
საქართველოს ლეიბორისტული პარტია თურქეთის მთავრობას პროტესტს უცხადებს და ანტიქართული პოლიტიკის შეწყვეტას მოითხოვს.