საქართველოს ყოფილი ელჩის ხათუნა სალუქვაძის ბინის ქირის დავალიანება ზიანს აყენებს დიპლომატების რეპუტაციას, - ასე ეხმიანება ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლიეტუვაში საქართველოს ყოფილი ელჩის ხათუნა სალუქვაძის მიმართ ვილნიუსის სასამართლოს გადაწყვეტილებას ბინის ქირისა და ჯარიმების გადახდის დაკისრების შესახებ.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს ავრცელებს ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი BNS-ზე (Baltic News Service) დაყრდნობით.
"ასეთი შემთხვევები ზიანს აყენებს ყველა დიპლომატის რეპუტაციას", - უთხრა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ BNS-ს.
"სამინისტრო გააგრძელებს დიპლომატიური ზომების მიღებას არსებული ვითარების მოსაგვარებლად", - დასძინეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქმე ეხება მანუელ რუის გარსიასა და ხათუნა სალუქვაძეს შორის დავას. კერძოდ, ბინის მფლობელი საქართველოს ყოფილი ელჩისგან ითხოვს ბინის ქირის ანაზღაურებას 8 ათასი ევროს ოდენობით, ასევე 150 ევროს ჯარიმისა და 1500 ევროს სასამართლო სამართალწარმოების ხარჯებისთვის.
ოდნავ მოგვიანებით, ხათუნა სალუქვაძე გამოეხმაურა ვილნიუსის სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ არ ეთანხმება სასამართლოს და გეგმავს მის გასაჩივრებას.
ხათუნა სალუქვაძემ ლიეტუვაში დიპლომატიური მისია უკვე დაასრულა.