სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, რომ "ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის, ახლოს არის." ქადაგების ტექსტს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" ავრცელებს.
"ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რით წარვდგებით წინაშე ღვთისა. ყველაზე დიდი ძალა, რომელიც თქვენ დაგეხმარებით, ჩვენ დაგეხმარება, არის ქველმოქმედება. დახმარება გაჭირვებული ადამიანისა. ადამიანის ცხოვრების მიზანი უნდა იყოს გაჭირვებული ხალხის დახმარება. ზოგიერთი მიზნად ისახავს დააგროვოს სიმდიდრე. ეს სიმდიდრე სამარის კარამდე მიაცილებს ადამიანს, მერე ტოვებს.
მე კიდევ ერთხელ ყველას გეხვეწებით, დაიფარეთ ოჯახები თქვენი, დაიფარეთ შვილები. არავითარ შემთხვევაში წყევლა არ უნდა წამოგცდეთ შვილის ან ადამიანისადმი, ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის, ახლოს არის. წერია ბიბლიაში, როცა ბოროტი სული მიხვდება რომ აღსასრული მოდის მისი, აძლიერებს ბრძოლას ადამიანთან. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა დაგიცვათ და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტრებისაგან", - განაცხადა ილია მეორემ.