"დღევანდელი წარმატება ხვალინდელ სიმდიდრედ უნდა ვაქციოთ", - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს პარლამეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან "ეკონომიკური თავისუფლების აქტი" წარმოადგინა.
"ჩვენ მოგვეცა წარმატების დიდი შანსი და ახლა მთავარია, ეს შანსი გამოვიყენოთ. ჯერ კიდევ გვიჭირს, მაგრამ მოგვეცა შესაძლებლობა, რომელიც ძალიან ბევრს არ აქვს ყოფილ საბჭოთა კავშირში. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება, რომ შევამციროთ გადასახადები, მაშინ როდესაც ჩვენმა მეგობარმა ლიტვამაც გადასახადები გაზარდა. ჩვენ ევროპაში, კორუფციის თვალსაზრისით ჰოლანდიის და დანიის დონეზე ვართ. ჩვენი დღევანდელი წარმატება ხვალინდელ სიმდიდრედ უნდა ვაქციოთ. იმისათვის რომ წარმატებას მივაღწიოთ, საჭიროა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობის საკითხად იქცეს წარმატების მიღწევა. საჭიროა მუდმივი მუშაობა, რომ ადგილი შევინარჩუნოთ. სწორედ ამ მუდმივი ფასეულობისთვის არის ლიბერალიზმის დამკვიდრების მთავარი ფასეულობა", - განაცხადა პრეზიდენტმა ეკონომიკის ლიბერალიზაციის შემცველი საკუთარი ინიციატივების გახმოვანებისას.
ამასთან, მისი შეფასებით, "ვარდების რევოლუცია მხოლოდ ქუჩაში დროშების ფრიალი კი არ ყოფილა, არამედ ის იყო მრავალწლიანი, ყოველდღიური თავაწეული მუშაობა".
"ვარდების რევოლუცია" იყო გზა ეკონომიკურ ლიბერალიზმამდე და თავისუფლებამდე და ამ გზიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავუხვიოთ", - განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.