27 ივლისს, 12 საათზე, პანკისის ხეობაში, ანტიტერორისტული ოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველზე თავისი ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
მორის მაჩალიკაშვილი 26 ივლისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ორი პირი დააკავეს. საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობას, პოლიციელებზე თავდასხმასა და ორგანიზებულად, შტურმით პარლამენტის შენობაში შეჭრას ედავება.
მორის მაჩალიკაშვილის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში 2018 წლის 1 ივნისს დაიწყო ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-323-ე და 323 პრიმა მუხლებით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მორის მაჩალიკაშვილი ჩართული უნდა ყოფილიყო იმ ტერორისტული აქტის განხორციელებაში, რომელსაც მალხაზ მაალიკაშვილი გეგმავდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2019 წლის 7 მაისს განაცხადა, რომ მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე. სუს-ის ინფორმაციით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა. დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა.