საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, "ეკონომიკის თავისუფლების აქტის" მიღებით "ყველა გაჩერებული ქარხანა უცებ არ აგუგუნდება", მაგრამ "საქართველო ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი ქვეყანა გახდება".
"ამ აქტის მიღება, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ დღესვე ყველა გაჩერებული ქარხანა აგუგუნდება, რომ ავტომატურად გადაიჭრება უმუშევრობის პრობლემა, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო გადაიქცევა ქვეყნად, სადაც უმაღლესი კანონით, მთავარი საკანონმდებლო დოკუმენტით დაცულია ლიბერალური ეკონომიკური კურსის შეუქცევადობა. ეს აქტი მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველო ინვესტორებისთვის და მოვიზიდოთ ახალი სამუშაო ადგილები", - განაცხადა სააკაშვილმა პარლამენტში, ეკონომიკური ინიციატივების წარდგენისას.
ამასთან, მისივე შეფასებით, "ეკონომიკური თავისუფლების აქტი" ძალიან ამბიციური აქტია, რადგან მისი მიღების შემდეგ საქართველო ეკონომიკური ლიბერალიზმის დადგენის და დაცულობის კუთხით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნად გადაიქცევა.
"უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ განსაკუთრებული სპეციფიკა გვაქვს და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვიყოთ ჩვეულებრივი აღმოსავლური ქვეყანა. ჩვენ საქართველოს ვერ ავიღებთ და ვერ გადავიტანთ ევროპის შუაგულში. ჩვენ არა მხოლოდ ვცხოვრობთ გამძვინვარებული მეზობლის გვერდით, არამედ იგი შემოსულია ჩვენ ისედაც პატარა ბინაში და ორი ოთახი აქვს დაკავებული და არ გრძნობს არანაირ შიდა შეზღუდვებს და არ ემორჩილება შიდა განაწესს. ჩვენ არ ვართ ჩეხეთი და პოლონეთი, რომ შევძლოთ ინვესტორების მოზიდვა მთელი მსოფლიოდან, მაგრამ შეგვიძლია საქართველო ვაქციოთ მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად ბიზნესის კეთებისა და კაპიტალის დაბანდებისთვის. ჩვენი ამბიცია უნდა იყოს რომ საქართველო ვაქციოთ მსოფლიოს ლიბერალური ეკონომიკური იდეოლოგიის ნამდვილ ფლაგმანად და ამით შევქმნათ შედარებითი უპირატესობა დანარჩენ ქვეყნებთან მიმართებაში", - განმარტა სააკაშვილმა.