სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე. სუს-ის ინფორმაციით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა.
დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა“.
„გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 23 მარტს უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისცა მითითება მორის მაჩალიკაშვილს, რათა ეს უკანასკნელი ჩამოშორებულიყო ყველა სხვა საქმიანობას და ემუშავა მხოლოდ ერთ პიროვნებაზე - იოსებ გოგაშვილზე. მორის მაჩალიკაშვილს უნდა დაედგინა იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები და, აგრეთვე, გამგზავრებულიყო სოფელ ზემო მაჩხაანში სასაფლაოზე, რათა დაედგინა იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა და გადაეღო ფოტოები, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგეგმავდა სხვა ქმედებებს“, - აცხადებენ სუს-ში.
სუს-ის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ქალაქ თბილისში პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 2018 წლის 31 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადება, რომლის თანახმადაც იგი და მასთან მყოფი პირები, რომლებსაც, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით ფიცი ჰქონდათ მიცემული, მზად იყვნენ, შეეღწიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და თავი აეფეთქებინათ.
„გამოძიების ფარგლებში, ინფორმაციის გადამოწმებისა და მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა და ფოტო გადაღება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში ამჟამად გამოკითხვაზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის მიხედვით, ჩართული უნდა ყოფილიყო აღიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებაში.
საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში 2018 წლის 1 ივნისს დაიწყო და ამჟამადაც მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18,323-ე და 3231 მუხლებით.
„დღესვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმავე მიზნით იყო დაბარებული მალხაზ მაჩალიკაშვილი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ მისი ადვოკატების თხოვნა, გამოკითხვა 4 მაისის ნაცვლად, 7 მაისს ჩატარებულიყო, მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე კვლავ უარი განაცხადა. შესაბამისად, მის მიმართ განხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით ასეთი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული ღონისძიებები.
საქმეზე გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებას საქმის მიმდინარეობის თაობაზე“, - აცხადებენ სუს-ში.