25 ოქტომბერს, 19 საათზე, ვაკის მედიათეკა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემაჯამებელ შეხვედრას უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ დეა მეტრეველთან და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავასთან. მოდერატორი მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე.
შეხვედრაზე განიხილავენ არა მხოლოდ საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის მნიშვნელობას, არამედ ისაუბრებენ სტუმრობის შედეგებზე, გამომცემლების წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებსა და უცხოელი კოლეგების მხრიდან მიღებულ რეკომენდაციებზე.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10-14 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი. ბაზრობაზე აკრედიტებულმა ასობით ჟურნალისტმა და ათასობით სტუმარმა უკეთესად გაიცნო თანამედროვე და კლასიკური ქართული ლიტერატურა, გაიმართა შეხვედრები ქართველ და ევროპელ გამომცემლებს შორის, ქართველი ავტორების თარგმანების წარდგენები და პარალელური კულტურული ღონისძიებები. როგორი რეზონანსი ჰქონდა ევროპაში ჩვენი დელეგაციის სტუმრობას და როგორია ქართული ლიტერატურული პროცესის განვითარების პერსპექტივა - ამ კითხვებზე პასუხებს სწორედ ამ შეხვედრაზე მიიღებთ.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ჭავჭავაძის 76, ვაკის პარკის ტერიტორია.