3 ივლისს, სამშაბათს, 12:00 საათზე, ღია საზოგადოების ფონდის ოფისში, ჭოველიძის 10-ში კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.
კოალიციის წევრ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ მთავარი პროკურორის არჩევის მოქმედი წესი და საპროკურორო საბჭოს მოწყობა მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს და ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკური დაინტერესებისგან როგორც ინსტიტუციის, ასევე უშუალოდ მთავარი პროკურორის არჩევის პროცესის დაცვას. ამასთანავე, მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესს კვლავ იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს, რაც ამყარებს რწმენას, რომ კანდიდატი ვერც ამჟამად უპასუხებს დამოუკიდებლობისა და მოუკერძოებლობის მოთხოვნას.
ამ ფონზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმსჯელებენ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის შეჩერების აუცილებლობასა და შემდგომი რეფორმის საჭიროებაზე.
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.