საქართველოს პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.
კომისიის შემადგენლობას კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს.
კომისიის შექმნას მხარი 95 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ერთი დეპუტატი წავიდა.
კომისია 17 წევრისგან შედგება, სადაც ცხრა წარმომადგენელი „ევროპულ საქართველოდანაა“, ექვსი – „ქართული ოცნებიდან“, ერთი – „პატრიოტთა ალიანსიდან“.
კომისიაში წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალურმა მოძრაობამ” კი, კომისიაში გაწევრიანებაზე უარი თქვა.
კომისიის თავმჯდომარე დეპუტატი სერგი კაპანაძეა, კომისიაში ასევე იქნებიან: ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, სოფიო კილაძე, არჩილ თალაკვაძე, სალომე ზურაბიშვილი და ადა მარშანია.