აზერბაიჯანი საქართველოსთან კიდევ ერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის საბაჟო კომიტეტის წარმომადგენელმა საფარ მეხდიევმა გააჟღერა.
როგორც მეხდიევმა განმარტა, აზერბაიჯანი საქართველოსთან საბაჟო-გამშვების პუნქტის გახსნაზე აწარმოებს მოლაპარაკებას, რომლის ადმინისტრირებასაც მხარეები ერთობლივად განახორციელებენ.
„თუ კი მოლაპარაკებები წარმატებით განხორციელდება, მაშინ ეს იქნება რეგიონში პირველი ერთობლივი ადმინისტრაციული შენობა, სადაც ორი ქვეყნის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები იმსახურებენ", აღნიშნა მეხდიევმა.
აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტა კი მხარეებს ტვირთნაკადის გამტარუნარიანობას გაუზრდის.
მოლაპარაკებების არსებობას ადასტურებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურშიც. უწყებაში განმარტავენ, რომ მოლაპარაკებები დაწყებულია და ზუსტი დეტალები ოპერირების მოდელსა და ზუსტ მდებარეობაზე მოგვიანებით დაზუსტდება.