არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატის, თამარ ავალიანის ინფორმაციით, ტატუნაშვილის სხეულზე, საფეთქელთან მიყენებული დაზიანება რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგია.
"ის დაზიანებები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით და მიგვაჩნდა, რომ ექსპერტიზა ნაკლული იყო ამ მიმართულებით, აგვისხნეს, რომ ეს დაზიანებები არ იყო სიცოცხლისდროინდელი. ყველა დაზიანება, რომელიც სიცოხლისდროინდელი იყო აღიწერა ექსპერტების მიერ. შუბლის ნაწილზე, ნატყვიარზე რომ საუბრობდა ოჯახი, აგვიხსნეს, რომ ეს იყო გაშრევების შედეგი. რაც შეეხება საფეთქელთან შეწეულ ნაწილს, ეს არის რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგი. გადახერხილი იყო თავის ნაწილი და ამან განაპირობა სხეულის ნაწილის შეწევა. რაც შეეხება ცხვირს, ცხვირის მიდამოში მოტეხილობები არ ფიქსირდება, ჩვენ ვნახეთ რენტგენი და ცხვირი მთელია. მოტეხილობები ფიქსირდება მხოლოდ ხელის მიდამოში", - აცხადებს ავალიანი.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.