მეორე არხის პოლიტიკურ არხად ქცევის პირობის არ შესრულებას პარლამენტის თავმჯდომარე არასაპარლამენტო ოპოზიციას აბრალებს. ეს განცხადება დავით ბაქრაძემ დღეს სესიაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც საკითხი გია ცაგარეიშვილმა დაყეენა და ხელისუფლებისგან პირობის არშესრულების გამო პასუხი მოითხოვა.
ცაგარეიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს გაახსენა პირადად მისი და პრეზიდენტის დაპირება, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერეს.
"თუ რაიმე არის გაკეთებული, იქნებ საზოგადოებას აცნობოთ და, თუ შეფერხებაა პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რასაც კულუარებში ამბობენ, გთხოვთ, წარმოადგინოთ ციფრები, თუ ეს გათვლები რას ემყარება. თუ ეს ყველაფერი დემოკრატიის გაელვება იყო,~ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან წამოსული კარგი ინიციატივა და მიიჩნევს, რომ ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად ამ პირობის შესრულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ბაქრაძე კი ამ პირობის ვერშესრულებას არასაპარლამენტო ოპოზიციას აბრალებს, რადგან, მისი თქმით, ეს საკითხი ოპოზიციასთან ერთად უნდა გადაწყდეს და ეს არ უნდა იყოს ხელისუფლების მხრიდან ცალმხრივად შესრულებელი და ცაგარეიშვილს მიმართავს, ეს საკითხი იმათთან გაარკვიოს, ვინც გაზაფხულზე მასთან ერთად საკნებში ისხდნენ. ამასთან, ბაქრაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება, ოპოზიციის თანხმობის შემთხვევაში, მზად არის, ოპოზიციასთან ერთად ამ თემაზე მუშაობა აქტიურად გააგრძელოს.