"რესპუბლიკური პარტია" "ალიანსი საქართველოსთვის" დაშლის მიუხედავად პარტნიორებთან თანამშრომლობა კვლავ გააგრძელოს. ამის შესახებ ნათქვამია "რესპუბლიკელების" მიერ ალიანსი დაშლის საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
"რესპუბლიკური პარტია 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების შემდეგაც მხარს უჭერდა თანამშრომლობას ალიანსში მჭიდრო ორგანიზაციული და პოლიტიკური ინტეგრაციის გზით. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ამ საკითხზე პარტნიორებს შორის კონსენსუსის მიღწევა. კერძოდ, ირაკლი ალასანიამ შემდგომი პოლიტიკური წარმატებების უპირველეს წინაპირობად ჩათვალა საკუთარი პარტიის გაძლიერება და გადაწყვიტა თავისი ძალისხმევა სწორედ ამ საქმეს მოახმაროს. ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას და ვუსურვებთ წარმატებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, როგორც პარტიაში აცხადებენ, მიუხედავად ალიანსური ფორმატის შეწყვეტისა, რესპუბლიკური პარტია კვლავაც მზადაა პარტნიორებთან თანამშრომლობა გააგრძელოს. თანამშრომლობის ხარისხი და ინტენსივობა დამოკიდებული იქნება მიმდინარე კონსულტაციების შედეგად მიღწეულ შეთანხმებებზე.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს რესპუბლიკური პარტია" "ალიანსში საქართველოსთვის" 2009 წლის თებერვალში გაერთიანდა.