გერმანიის ქვემო საქსონიის მიწაზე, სამხედრო აეროდრომ ვუნსტორფთან, ჩამოვარდნილი დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. გერმანიის ფედერალური პროკურატურა ამოწმებს, შესაძლოა თუ არა მას კავშირი აგვისტოში ლაიფციგის აეროპორტთან მომხდარ ინციდენტთან.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ვუნსტორფთან აღმოჩენილი დრონი შესაძლოა იმავე მოდელის იყოს, რომელიც აგვისტოს დასაწყისში ლაიფციგის აეროპორტში იპოვეს. ერთი დეტალი, სავარაუდოდ, 3D პრინტერით იყო დამზადებული და ასეთი კონსტრუქცია კომერციულად ხელმისაწვდომი არ არის.
ვუნსტორფთან დრონის ნაწილები კვირის დასაწყისში აღმოაჩინეს. სამართალდამცველები ტერიტორიაზე დამატებით ნამსხვრევებსა და დრონის მფლობელის ან ოპერატორის შესაძლო კვალს ეძებენ.
გერმანული მედიის ცნობით, ვუნსტორფთან აღმოჩენილ დრონზე ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი არ გამოვლენილა. ამასთან, წყაროები მიუთითებენ მის გარკვეულ მსგავსებაზე ლაიფციგის აეროპორტთან აღმოჩენილ, ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილ დრონთან.
ლაიფციგის აეროპორტში დრონი აგვისტოს დასაწყისში უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავებთან ახლოს აღმოაჩინეს. გერმანიის ხელისუფლების ინფორმაციით, დრონი ასაფეთქებელი მოწყობილობით იყო აღჭურვილი. გერმანიის მთავრობამ მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა, რასაც მოსკოვი უარყოფს.