საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ბოლო კვირებში ევროპისა და საფრანგეთის მიმართ რუსეთის ჰიბრიდული საფრთხე გაძლიერდა.
„ბოლო კვირებში საფრთხე, განსაკუთრებით რუსეთის ჰიბრიდული საფრთხე ევროპელებისა და საფრანგეთის მიმართ, გაძლიერდა“, - განაცხადა მაკრონმა პარიზში, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, რუსეთმა ბოლო პერიოდში ევროპული ინტერესების წინააღმდეგ თავდასხმები გააძლიერა. მაკრონმა მაგალითად მოიყვანა ლაიფციგის აეროპორტში დრონით თავდასხმის მცდელობა, ევროპული ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეჭრის შემთხვევები და სხვა ინციდენტები.
მაკრონის განცხადებით, რუსეთის ქმედებების მიზანი ევროპის დაშინება და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებაა, თუმცა, მისი თქმით, შედეგი საპირისპირო იქნება.
„ამ თავდასხმების მიზანია ჩვენი დაშინება და უკრაინელების მხარდაჭერისკენ მიმართული ძალისხმევის შესუსტება,. შედეგი კი საპირისპირო იქნება. ჩვენ არ გვეშინია, რადგან ვიცით, რომ დღეს და ხვალ ჩვენი უსაფრთხოება უკრაინაში წყდება,“ - განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა მთავრობას ასევე დაავალა კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და თავდაცვის ინდუსტრიისა და ტექნოლოგიური სექტორის ყველაზე მგრძნობიარე ობიექტების დაცვის გეგმის მომზადება დრონებისა და კიბერშეტევებისგან.