ბათუმი ჭადრაკის კიდევ ერთ საერთაშორისო ღონისძიებას მასპინძლობს. დღეს, სასტუმრო "შერატონში" ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გაიხსნა.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ევროპის ჭადრაკის კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე ესწრებოდნენ.
რეგიონის პირველმა პირმა ჩემპიონატის გახსნის აღსანიშნად, მონაწილე ნიკოლოზ კაჭარავასთან ერთად პირველი სიმბოლური სვლა გააკეთა. ,,ბათუმში იმართება მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბათუმისთვის უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების, კონგრესების, ფორუმების გამართვა. ყოველივე ეს ხელს უწყობს ჩვენი რეგიონის განვითარებას, ვიზიტორების მოზიდვას, ცნობადობის ამაღლებას. მივესალმებით მსგავს ღონისძიებებს, რომლებიც ტარდება და მომალშიც ჩატარდება ჩვენს რეგიონში“- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას ღებულობს 66 ქვეყნის 728 მოთამაშე, მათ შორის 100-ზე მეტი მონაწილე საქართველოდანაა. 25-26 ოქტომბერს კი, ევროპის საჭადრაკო კავშირის ეგიდით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით პირველი ევროპული კონფერენცია "ჭადრაკის როლი საგანმანათლებლო სისტემაში" ჩატარდება. ტურნირი საზეიმოდ 30 ოქტომბერს დაიხურება.