დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულმა ოჯახებმა კომპენსაცია საკრებულოს მიერ დადგენილი წესით მიიღეს. ნაწილმა, საკუთარი სურვილის მიხედვით, ანაზღაურება სულადობის მიხედვით აიღო, ნაწილმა კი საშუალი საბაზრო ფასის მიხედვით.
"ყველა ოჯახმა, დადგენილი წესის მიხედვით მიიღო კუთვნილი კომპენსაცია. დარჩენილია 5 ოჯახი, რომლებსაც საკუთრებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ აქვთ წესრიგში და არის გარკვეული საკითხები სადავო. თუმცა, ვიდრე მათი საკითხები სამართლებრივად გაირკვევა, თითოეულ მათგანს ვუხდით ბინის ქირას და ეს გაგრძელდება, სანამ საჭირო იქნება და საკითხი არ გაირკვევა. ყველა ოჯახი არის სათანადოდ უზრუნველყოფილი და არამგონია, ვინმეს რაიმე სერიოზული პრეტენზია ჰქონდეს",- აღნიშნა ჟურნალისტებთან ქალაქის მერმა.
5 ოჯახის წარმომადგენელმა, რომლებსაც კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღიათ, დღეს ბრიფინგი გამართეს.
“არავითარი კომპენსაციის შემოთავაზება არ მიგვიღია. ჩემი შვილები ცალკე ცხოვრობენ, მე სხვის ბინაში. სამი თვეა ჩვენი ადვოკატის მეშვეობით, ბინები მოგვცეს ქირით და 300 ლარს გვიხდიან“ - განაცხადა დაზარალებულმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის დამფუძნებლის, ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ამ ადამიანებს ჰყავთ ერთი მოდავე ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს პიროვნებები მის ტერიტორიაზე უკანონოდ ცხოვრობდნენ და კომპენსაცია მას ეკუთვნის.
“იმის ნაცვლად, რომ პროკურატურას გაერკვია მტყუან-მართალი და ამ 5 ოჯახის 20 წარმომადგენლის ბედი, რომლებიც დღეს ვერ იღებენ კომპენსაციას იმის გამო, რომ ვიღაც ერთი მოდავე პირი, რომელიც ამტკიცებს, რომ თითქოს ეს ადამიანები მონების სახით ცხოვრობდნენ მის ტერიტორიაზე და ახლა ის ითხოვს მათ ნაცვლად კომპენსაციის აღებას“ - აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა.