,,არმაზ ახვლედიანს, მეგონა, უკვე დატოვებული ჰქონდა პარტია, ვინაიდან ის ადრევე საუბრობდა ნიანგებზე, ბებერ მგლებზე და ა. შ. მეგონა მაშინვე დატოვა პარტია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ალბათ პარტიის დატოვებას სხვა ადამიანებიც განაგრძობენ, ვინაიდან „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი პარტიაა და იქ პროცესები ყოველთვის დინამიურად ვითარდება.
„ყველა ვერ იღებს იმას, რაც სურს, ზოგიერთს მეტი ამბიცია აქვს, ზოგს ნაკლები შესაძლებლობა და მეტი ამბიცია. ვისაც ჰგონია, რომ იმას ვერ იღებს, რაც სურს, პარტიას ტოვებს. შეიძლება ვიღაც გაერიდოს ამა თუ იმ პარტიას და სხვაგან გააგრძელოს მოღვაწეობა“, - განაცხადა დეპუტატმა.
არმაზ ახვლედიანი პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ტოვებს. მიზეზად ის 2012 წელს ნაკისრი მთავარი ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს.
ახვლედიანის განცხადებით, პარტია პრაქტიკულად, ასცდა საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ დღის წესრიგს.