"მე ვლობირებდი იმ ძალიან მნიშვნელოვან იდეას, რაც ქვეყნის თავდაცვის უსაფრთხოებას მოემსახურებოდა. ეს იყო ძალიან საინტერესო პროექტი, მითუმეტეს შეთავაზება იყო, რომ ის უფასოდ გაკეთდებოდა“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა თბილისისს საქალაქო სასამართლოში დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, საუბარი იმაზე, რომ მას გარკვეული სხვა ინტერესებიც ჰქონდა - ,,უსინდისობაა“.
რაც შეეხება, კომპანია ,,სპეცკავშირმშენის“ წარმომადგენლის ავთანდილ ჭოლოკავას სპეცსამსახურებთან კავშირს, სესიაშვილის თქმით, ეს გამოძიებით არ დადასტურებულა.
"როგორც ჩანს, შემოწმებისგან თავი შეიკავეს, რადგან ნახეს, რომ დაშვება ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე და ბევრი პროექტი ჰქონდა განხორციელებული. ეს არგუმენტი თითიდან გამოწოვილია. მე მიმაჩნია, რომ არასწორი იყო, როცა ამ პროექტს უარი ეთქვა, რადგან სახელმწიფო რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ხარჯებს დაზოგავდა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.