დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიების თავმჯდომარეებმა ირაკლი ფავლენიშვილმა და გულიკო ზუმბაძემ და დიდუბისა და სამგორის რაიონების მაჟორიტარმა დეპუტატებმა ვლადიმერ ძნელაძემ და ია მაკასარაშვილმა, საადვოკაციო კამპანიის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაში - მრგვალი მაგიდა „ჰუმანური ნარკოპოლიტიკა-ხელმისაწვდომი ჯანდაცვა“ მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიება სასტუმრო „Holiday Inn”-ში დისკუსიის ფორმატში გაიამართა, სადაც სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სფეროს ექსპერტებმა ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა თემისა და ნარკოპოლიტიკის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ვრცლად ისაუბრეს.
მოწვეულმა სტუმრებმა ისეთ საკითხებს გაუსვეს ხაზი, რომელთა თანახმადაც, ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამასობაში მოყვანა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სტრატეგიების უფრო მეტად დახვეწაა აუცილებელი.
მათი განცხადებით, აღნიშნული სტრატეგია ნარკოტიკებზე მოთხოვნის შემცირებას, ნარკოტიკების ავადმოხმარების გამო წამალდამოკიდებულისა და საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას, აგრეთვე ნარკომომხმარებელთა დასჯის პოლიტიკისა და მათ მკურნალობაზე ორიენტირებული მიდგომის შეცვლას ისახავს მიზნად.
დღესვე, შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა პროგრამები პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს, რომელთა მიზანსაც ნარკოპოლიტიკაში არსებული პრობლემების აღმოფხვრა წარმოადგენს.
ღონისძიებას, რომელიც ორგანიზაციების „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ და „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი“ ორგანიზებით გაიმართა, საქართველოს აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდენენ.
ღონისძიების მიზანს აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების გამოვლენა, გადაჭრა და სახელისუფლებო სტრუქტურების, არასამთავრობო სექტორსა და თემის წარმომადგენლებს შორის დიალოგის ინიცირება წარმოადგენდა.