პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად იმუნიზაცია რჩება.
იმუნიზაციის საკითხებთან დაკავშირებით, დღეს, ხუნდაძემ საბინის ვაქცინის ინსტიტუტის იმუნიზაციის მდგრადი დაფინანსების პროგრამის დირექტორთ მაიკ მაქვესჩენთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
ხუნდაძის განცხადებით, საქართველო იმუნიზაციის 100 %-ით დაფინანსების ვალდებულებას 2018 წლიდან აიღებს, რაც ყოველწლიურად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11 მილიონამდე ლარის მობილიზებას ითვალისწინებს.
თავის მხრივ, იმუნიზაციის თაობაზე განმარტებები მაიკ მაქქვესჩენმაც გააკეთა. მისი თქმით, იმუნიზაცია ჯანდაცვის ტრანზიციის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია და ამ მიმართულებით, საქართველო სწრაფად განვითარებად ქვეყნებს მიეკუთვნება.
„სრულ იმუნიზაციაში იმას ვგულისხმობთ, რომ დაავადებებმა საზოგადოებაში შეღწევა და გავრცელება ვერ შეძლონ. პრაქტიკულად, საქართველოში პოლიომელიტი, ტეტანუსი და სხვა დაავადებები ქრება, რაც დიდი მიღწევაა“, - დასძინა მაქვესჩენმა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლამდე პერიოდი იმუნიზაციის ათწლეულად გამოაცხადა და გლობალური ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომლის შესრულებასაც ხელი 2012 წელს 53 წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის, საქართველომ მოაწერა.