საქართველო ცხოველთა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) რეგიონულ კონგრესს მასპინძლობს. 2-დღიანი საერთაშორისო შეხვედრა, რომელსაც ევროპის 50-ზე მეტი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარი ესწრება, კახეთში, ლოპოტას კომპლექსში მიმდინარეობს.
კონგრესზე ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის თემაზე უცხოელ კოლეგებთან ერთად ქართველი სახელმწიფო ვეტერინარებიც მსჯელობენ. OIE-ს წარმომადგენლობით დელეგაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე მიესალმა:
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებაზე ევროპულ კანონმდებლობასთან. მსგავსი ფორმატის შეხვედრები გვაძლევს საშუალებას, განვიხილოთ აქტუალური თემები და გავიზიაროთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება,"- აღნიშნა დოლიძემ.
კონგრესი ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორაგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლის - კაზიმირას ლუკაუსკასის თავმჯდომარეობით მიმდინარეობს. მისი განცხადებით, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორაგნიზაცია წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან. დღევანდელი სემინარის თემები კი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, როგორიცაა ცხოველთა ჯანმრთელობის სტანდარტების დაცვა და აღსრულება, მათ შორის ევროკავშირში. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა პირდაპირ განაპირობებს სურსათის უვნებლობას და უსაფრთხოებას.
კონგრესზე განსახილველ ძირითად საკითხს წარმოადგენს ასევე, მსოფლიოში ცხოველთა ჯანდაცვისა და კეთილდღეობისკენ მიმართული ინოვაციები. ქართული მხარე უცხოელ კოლეგებთან ერთად აქტიურად იზიარებს არსებულ გამოცდილებას ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შესანარჩუნებლად. ევროკავშირის ექსპერტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა გასვლითი ღონისძიების ფარგლებში იგეგმება.
საქართველო OIE-ს წევრი ქვეყანა 1994 წელს გახდა. ცხოველთა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია ცხოველთა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის კუთხით ერთ-ერთი მთავარი კანონმდებელია მსოფლიოში. OIE-ს კოდექსების რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება ცხოველებისა და მეცხოველეობის პროდუქტებით ვაჭრობა, ხოლო დაავადებების დაფიქსირების შემთხვევაში - სალიკვიდაციო ღონისძიებები.