ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობა იწყება მედიაბრიფინგი შაბათს, 10 ოქტომბერს გაიმართება. ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის მსოფლიო დღეს საფუძველი ჩაეყრება ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობას საქართველოში. მშენებლობის დაწყების აღსანიშნავი ცერემონია 12:00 საათზე, სოფელ დიღომში (თეთრ სახლებთან), ჰოსპისის მშენელობის ადგილზე გაიმართება.
ამ სოციალური პროექტის ინიციატორი ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველოა", რომელსაც ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი", საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და ინდივიდუალური დონორები აფინანსებენ. ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობის დაწყების ღონისძიებას საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ქეთი ხუციშვილი, ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველოს" დირექტორი და ნიკოლოზ გამყრელიძე ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის" გენერალური დირექტორი გახსნიან. მისალმების შემდეგ, გამომსვლელები ჰოსპისის საძირკველში მემორიალურ კაფსულას მოათავსებენ. ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დასრულდება. ეს იქნება პირველი სახლი, სადაც ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ. ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დღის განმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს. აღსანიშნავია რომ ბავშვებისათვის შინ ზრუნვის სამსახური ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველოს" ინიციატივით და ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ხელშეწყობით საქართველოში უკვე ფუნქციონირებს და თბილისის მასშტაბით 15 ბავშვს და მათ მშობლებს სრულიად უანგაროდ ეხმარება. ბავშვთა ჰოსპისის აშენების იდეა 2013 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ გაჩნდა, რომლის მიზანი იყო ბავშვებისთვის პალიატიური მზრუნველობის საჭიროების შესწავლა. როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ყოველწლიურად 0-დან 18 წლამდე 839 ბავშვს ესაჭიროება.