დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ცოფით 2014 წელს 4 ადამიანი გარდაიცვალა 2015 წლის 28 სექტემბრის მონაცემით კი ქვეყანაში მიმდინარე წელს ცოფის შემთხვევა ადამიანებში არ დაფიქსირებულა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა სურსათის ეროვნული სააგენტოსთან ერთად ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, საკუთარი შინაური ცხოველები აცრან. ამასთან, მისივე თქმით, საეჭვო ცხოველთან კონტაქტის შემდეგ დროულად ჩატარებული იმუნიზაცია ცოფით დაავადების აცილების გარანტიაა. მისი თქმით, ცოფიანი ცხოველების მიერ დაკბენილთა უმრავლესობა ბავშვია.
ყოველწლიურად საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ანტირაბიული დახმარების მიღების მიზნით მოსახლეობის სულ უფრო მზარდი რიცხვი მიმართავს. 2014 წელს ჯანდაცვის სისტემის მიერ ანტირაბიული დახმარება გაეწია 53 ათასზე მეტ ადამიანს, 2015 წლის 8 თვეში - 41 ათასზე მეტს.
,,დაკბენილთა 80% გამოწვეულია ე.წ. პატრონიანი ძაღლით, ყველა პატრონიანი ძაღლი და კატა აუცილებლად უნდა იყოს აცრილი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით“, - აცხადებს გამყრელიძე.