ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის რეგიონისთვის ამერიკის დახმარებების კოორდინატორს ალინა რომანოვსკის შეხვდა.
დავით ბაქრაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პროგრამებს, რომელსაც ახორციელებს აშშ საქართველოში.
„ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ იმ დახმარებებზე, რომელსაც გამოყოფს ევროკავშირი, რათა არ მოხდეს გარკვეულ მიმართულებებთან დაკავშირებით ერთმანეთზე გადადება ამ დახმარებებისა. შესაბამისად ჩვენ გამოვყავით ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელში მონაწილეობაც მიგვაჩნია მნიშვნელოვნად, მათ შორის, ეს შეეხება ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას,“ - განაცხადა მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მხარეებს შორის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.