აშშ-ს აქვს მტკიცე წინადადება უკრაინასა და რუსეთს შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების ორმხრივი შეწყვეტის შესახებ, – ამასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა მზად არის, რუსეთის ტერიტორიაზე კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან თავი შეიკავოს, თუ პარტნიორები უზრუნველყოფენ რუსეთის მხრიდან უკრაინის ენერგეტიკულ და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტას.
„არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე წინადადება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების ორმხრივი შეწყვეტის შესახებ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ჯერ არ არის დარწმუნებული რუსეთის მზადყოფნაში, შეასრულოს მსგავსი შეთანხმება და პარტნიორებისგან კონკრეტულ გარანტიებს ელოდება.
„თუ პარტნიორები მზად არიან, უზრუნველყონ რუსეთის რეალური სურვილი, არ დაარტყას ჩვენს ელექტროენერგიის ქსელს, ენერგეტიკის სხვა ობიექტებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სურსათის ტრანსპორტირებას, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ჩვენი მხრიდანაც შესაბამისი დარტყმებისგან თავი შევიკავოთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტა შესაძლოა მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი გახდეს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსები გრძნობენ ზეწოლას რუსეთის სამხედრო ეკონომიკაზე ჩვენი ზუსტი დარტყმების გამო. ჯერჯერობით არავის უნახავს ომის დასრულების რეალური მზაობა რუსეთის მხრიდან. თუმცა, თუ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს შეუძლიათ, უზრუნველყონ რუსეთის გულწრფელი მზადყოფნა, რომ დასრულდეს ეს ომი, რომელიც სიცოცხლის განადგურებისკენაა მიმართული, და ეს გაკეთდეს გულწრფელად და გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინაც გადადგამს ნაბიჯებს დეესკალაციისკენ.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინა პარტნიორებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.
"მშვიდობა აუცილებელია. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, სურსათის მიწოდების მარშრუტები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა – ეს ყველაფერი უნდა გახდეს დარტყმების შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი დისკუსიის ნაწილი. საჭიროა მტკიცე და სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც არ იქნება გათვლილი მხოლოდ არჩევნებზე, არამედ იმოქმედებს მთელი პერიოდის განმავლობაში. ჩვენი პარტნიორებისგან კონკრეტულ წინადადებებს ველოდებით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.