უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გაგრძელების საკითხზე კომენტარი გააკეთა.
ამის შესახებ სიბიჰა X-ზე წერს.
მედიის ცნობით, ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევასთან დაკავშირებით მოქმედი სანქციების რეჟიმი შვიდი დღით გაახანგრძლივა. მიზეზი ის არის, რომ სლოვაკეთი და საფრანგეთი კვლავ ითხოვენ სანქცირებული პირების სიიდან ორი რუსი ოლიგარქის - მიხაილ ფრიდმანისა და ალიშერ უსმანოვის ამოღებას.
„პუტინის უახლოესი გარემოცვა და ისინი, ვინც რუსეთის აგრესიას ხელს უწყობენ, სანქციების სიაში უნდა დარჩნენ“, - განაცხადა სიბიჰამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რეჟიმთან დაკავშირებული ისეთი მსხვილი რუსი ოლიგარქებისთვის, როგორებიც უსმანოვი და ფრიდმანი არიან, სანქციების გაუქმება „ძნელად გასაგებია“, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორს აძლიერებს და ქვეყნის ეკონომიკის განადგურების მიზანმიმართულ კამპანიას აგრძელებს.
„ინდივიდუალური სანქციები ეფექტიანი ინსტრუმენტია იმ ადამიანების საქმიანობის შესაზღუდად, რომლებიც რუსეთის სამხედრო მანქანას მხარს უჭერენ. ეს პირები უნდა დასახელდნენ და პასუხისმგებლობა დაეკისროთ“, - აღნიშნა სიბიჰამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ინდივიდუალური სანქციების მოქმედების ვადის ექვსი თვიდან 12 თვემდე გახანგრძლივება „კრემლისთვის მკაფიო სიგნალი იქნებოდა, რომ ევროპა რუსეთის მხრიდან დაუფიქრებელი ესკალაციის გამო დაშინებას არ აჰყვება“.
„სანქციები ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი გრძელვადიან, მდგრად და შეუქცევად ზეწოლას უზრუნველყოფს მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ რუსეთი აგრესიას აგრძელებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპა რისკავს, ითამაშოს სწორედ იმ თამაშის წესებით, რომელსაც მისგან რუსეთი ელოდება“, - დასძინა მან.