სოციოლოგის და ფსიქოლოგის ზურაბ ბიგვავას თქმით, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების დიდი პროცენტი მხარს დაუჭერს ირაკლი ალასანიას პარტიას. ამის შესახებ ბიგვავამ გადაცემა „20 30“-ში განაცხადა.
„მაესტროს“ ეთერში განიხილებოდა NDI-ის კვლევის შედეგები, რომლის თანახმად რესპონდენტების 51% -ს მოსწონს ირაკლი ალასანია, მაგრამ მის პარტიას მხარს უჭერს გამოკითხულების 5%. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 24%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობაბ“ - 16. სულ საქართველოს მაშტაბით გამოიკითხა 4360 ადამიანი.
„ირაკლი ალასანიას შეიძლება მაღალი რეიტინგი ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი პარტია მიიღებს მაღალ ხმებს. თუ ის და მისი პარტია გააგრძელებს იგივე პრინციპებით მუშაობას, დიდი ალბათობაა, რომ ნაციონალური მოძრაობის მომხრეების დიდი პროცენტი მხარს დაუჭერს ირაკლი ალასანიას პარტიას“, - განაცხადა სოციოლოგმა.
საპარლამენტო უმარვლესობის დეპუტატმა და „ქართული ოცნების“ წევრმა ეკა ბესელიამ გადაცემის სიუჟეტში აღნიშნა, რომ „კვლევები ტენდენციების თვალსაზრისით ინფორმაციის მატარებელია, მაგრამ ციფრები კითხვის ნიშნებს ატარებს“.
ნინო ბურჯანაძის თქმით, რომლის პარტიის რეიტინგი სოციალური გამოკითხვის მიხედვით არ აცდა 3%-იან ნიშნულს, „ყველა მცდელობა იმისა, რომ მეტ-ნაკლებად ობიექტური კვლევა ჩატარდეს საქართველოში, არარეალისტურია დღევანდელ ვითარებაში“.