საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირკაშვილის განცხადებით, ლარის კურსთან მიმართებაში მთავრობა მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ძალიან აქტიურად იყენებს. „ბევრი მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას სავალუტო სტაბილიზაცია. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, კურსის ყოველდღიური ცვლილება არ არის ისეთი რამ, რაც მთავრობამ შეიძლება ხელით მართოს. სწორედ ამისთვის არის EBRD-ის წლიური შეხვედრა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და გავაცნოთ ყველას. რაც შეეხება გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივას, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ აუცილებლად მოხდება კურსის დასტაბილურება. თუმცა, ეს არ გამორიცხავს რყევებს ორივე მიმართულებით, რასაც დღეს აქვს ადგილი. მე, ისევე როგორც ჩვენი ყველა მოქალაქე, რა თქმა უნდა, ამით შეწუხებული ვარ, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში აუცილებლად იქნება პოზიტიური ტენდენცია და ეს უკვე გამოიხატება ზაფხულის პერიოდში“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, ლარის სერიოზულ გაუფასურებაზე მოლოდინი არ არსებობს. „აპრილის თვეში გვქონდა ძალიან კარგი ტენდენცია იმის, რომ გარღვევა შემცირდა და იმპორტი უკვე იწყებს შემცირებას. პროცენტულად ეს პატარაა, მაგრამ ჩვენი სავაჭრო ბალანსიდან გამომდინარე, აბსოლუტურ მაჩვენებელში ეს პატარა პროცენტი თითქმის აკომპენსირებს ექსპორტს. პრინციპში, არანაირი ფუნდამენტური საფუძველი არ არის, რომ ჩვენ ველოდოთ გაუფასურებას. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის ის, რაც შეიძლება ყოველდღიურ რეჟიმში მთავრობამ რაღაც ღილაკებზე ხელის დაჭერით მართოს, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ინსტრუმენტი მაქსიმალურად გამოვიყენოთ“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.