ორ კვირაში გახდება ცნობილი ის საკითხები, რასაც მთავრობა ქვეყანაში "ეკონომიკური ზრდის პროცესის შეუქცევადობისათვის" განახორციელებს. ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, თუ რის გაკეთებას აპირებს მთავრობა და რა საკითხები იქნება გათვალისიწნებული მთავრობის ახალ ეკონომიკურ პაკეტში.
ეკონომიკურ პაკეტზე სასუბროდ დავით ბაქრაძეს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. შეხვედრას ფინანსთა მინისტრი, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ გილაურმა განაცხადა, მიუხედავად მსოფლიოში არსებული ფინანსური კრიზისისა და ასევე სხვა დამაბრკოლებელი ფაქტორებისა, "ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდა მაინც არსებობს და ინვესტორები აგრძელებენ ჩამოსვლას". მისივე თქმით, იმისათვის, რომ ეს პროცესი შეუქცევადი გახდეს, მთავრობა გეგმავს, ინვესტორებისათვის და ქვეყნის შიდა ეკონომიკის განვითარებისათვის მთავრობის ხელშემწყობი ნაბიჯების საკანონდმებლო ჩარჩოში მოქცევას.
პრემიერის განცხადებით, მთავრობის გეგმებს უკვე საკანონმდებლო ფორმით ჩამოყალიბებულს, მთავრობა პარლამენტს მაქსიმუმ ორ კვირაში წარუდგენს, მანამდე კი ყოველგვარ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ. რის გაკეთებას აპირებს მთავრობა ამასთან დაკავშირებით ცოტა მეტად კონკრეტული პასუხი ჰქონდა ფინანსთა მინისტრს.
როგორც კახა ბაინდურაშვილმა აღნიშნა, მთავრობის ახალი ინიციატივები შეეხება ეკონომიკური ლიბერალიზაციის გამყარებას, სახელმწიფო როლის შემცირებას ბიზნესის კეთებაში, რაც მისი თქმით ნიშნავს "დაბალ გადასახადებს და დიდ კერძო სექტორს". თუმცა მოხდება თუ არა დღეს არსებული გადასახადების შემცირება არც მთავრობის და არც პარლამენტის მხრიდან ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული განმარტება არ კეთდება.