,,საქართველოც შორეულ ყუთშია გადადებული დასავლეთის მხრიდან", _აცხადებს ,,პრემიერთან" ინტერვიუში ექსპერტი უსაფრთხოების საკითებში ხათუნა ლაგაზიძე.
ჟურნალისტის კითხვაზე რა დროს ელოდება ალიანსი საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებასთან დაკავშირებით და რა გავლენა აქვს ამ პროცესზე რუსეთის ფაქტორს? ექსპერტი პასუხობს:
,,დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება გადატანილია სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ისლამური ტერორისტული ორგანიზაციის მიმართულებით. ამერიკისა და არაბული ქვეყნების ინიციატივით კოალიციაც კი იქმნება ამ საფრთხის დასამარცხებლად. საქმე ისაა, რომ ეს არის განსხვავებული ტერორისტული ორგანიზაცია ყველა მისი წინამორბედისგან იმით, რომ ის ცალკეული ტერორისტული აქტებით კი არ არის დაკავებული, არამედ ტერორისტული სახელმწიფოს შექმნით, რომელსაც უნდა, რომ გასასვლელი ჰქონდეს ზღვაზე და აქვს გაფართოების მასშტაბები. ეს რომ რეალობად არ იქცევა, ფაქტია, მაგრამ გეგმა და მიზნები არის იმ მასშტაბის საფრთხე, რომელიც მსოფლიოს დღემდე არ ახსოვს. ტერორისტული სახელმწიფო თავისი ძალით და შეიარაღებით გაცილებით ფართომასშტაბიან საშიშროებას წარმოადგენს, ვიდრე არანაკლებად დაფინანსებული ცალკეული ტერორისტული ჯგუფები. ამის გარდა, ამ საფრთხეს ამძაფრებს ისიც, რომ მათ რიგებში იბრძვის ევროპის მოქალაქე ათასობით მუსლიმანი, იგივე საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის პრესა აჭრელებულია იმ საფრთხეებით, ესენი უკან რომ დაბრუნდებიან თავიანთი შურისძიებითა და საბრძოლო გამოცდილებით, როგორ უნდა მოხდეს მათი ადაპტირება ევროპულ სივრცეში. პირდაპირ იწერება, რომ ევროპულ დემოკრატიებს ასეთი ტიპის მოქალაქეებთან ურთიერთობისა და მათი განეიტრალების გამოცდილება არ აქვს. ამ ორგანიზაციის ლიდერშიპი და მებრძოლების დიდი ნაწილი არის ჩრდილოეთ კავკასიიდან გასული პირი და პანკისის ხეობიდან გასული მოქალაქე. მსოფლიო აღიარებს, რომ ეს არის ნომერ პირველი საფრთხე და ვიდრე დასავლეთის დაჟინებული მოთხოვნით, უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებდა რუსეთთან, პირდაპირ ამბობდნენ, რომ ამ საფრთხის გასანეიტრალებლად აუცილებელია, ამ კოალიციაში რუსეთიც ჩაერთოს. ამასთანავე, იგულისხმებოდა ისიც, რომ რუსეთს უნდა დარჩეს სურვილი ამ კოალიციაში ჩაბმის. შესაბამისად, ის პროცესები, რასაც დღეს ჩვენ უკრაინაში ვხედავთ, არის ამ პროცესის გამოძახილი. უკრაინა ამ საფრთხესთან შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დასავლეთისთვის და გასაგებია, რომ ამ ფონზე საქართველოც შორეულ ყუთშია გადადებული დასავლეთის მხრიდან", _აცხადება ლაგაზიძე.
მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს, თავისი გავლენის სფეროები გაიფართოოს 2016 წლამდე.
,,რუსეთი ცდილობს, თავისი გავლენის სფეროები გაიფართოოს 2016 წლამდე, როცა ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. დიდი ალბათობით, აშშ-ში არჩევნები ანტირუსულ ნოტაზე ჩაივლის და დიდი ალბათობით, იქ გაიმარჯვებს პრეზიდენტი, რომელიც რუსეთს ასეთი ფრთების გაშლის საშუალებას არ მისცემს", _აცახდებს ლაგაზიძე ,,პრემიერთან" ინტერვიუში.