დღეს, 27 ოქტომბერს, საქართველოს დელეგაცია ისრაელში გაემგზავრება, რათა ფრენების განრიგთან დაკავშირებით რაიმე გამოსავალი ხუთშაბათამდე _ შემდეგ ფრენამდე იქნას მოძებნილი. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა განაცხადა.
თბილისსა და თელ-ავივს შორის ფრენების განრიგის შეუთანხმებლობის პრობლემის მოგვარებაში ოფიციალური უწყებებიც ჩაერთნენ. როგორც ნალბანდოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში საგარეო უწყებებიცაა ჩართული.
"მხარეებს შორის ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს. 27 ან 28 ოქტომბერს საქართველოს შესაბამისი უწყებების დელეგაცია ისრაელში გაემგზავრება, რათა ფრენების განრიგთან დაკავშირებით რაიმე გამოსავალი შემდეგ ფრენამდე იქნას მოძებნილი", - განაცხადა ნალბანდოვმა.
რაც შეეხება 25 ოქტომბერს დაგეგმილ, მაგრამ შეუსრულებელ რეისს, ნალბანდოვის განმარტებით, მგზავრები არ დაზარალებულან და ისინი ისრაელში მესამე ქვეყნის გავლით ჩაფრინდნენ.
შეგახსენებთ, რომ ქართული ავიაკომპანია "აირზენა" და ებრაული ავიაკომპანია "არკია" თბილისსა და თელავივს შორის ფრენების განრიგზე ვერ თანხმდებიან, რის გამოც უკვე ერთი პირდაპირი რეისი ვერ შესრულდა.