დანიის მთავრობა დაწყებით და საშუალო სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა პირადი ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების სრულად აკრძალვას გეგმავს.
ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა. მის განცხადებას დანიური საზოგადოებრივი მაუწყებელი DR ავრცელებს.
აკრძალვა იმოქმედებს როგორც გაკვეთილების დროს, ისე დასვენებების პერიოდში და გავრცელდება როგორც საკლასო ოთახებში, ისე სკოლის ეზოში.
„როდესაც სოციალური ქსელებისთვის ასაკობრივ შეზღუდვებსა და სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას ვთავაზობთ, საქმე იმაში არ არის, რომ თქვენ რაღაცას წაგართმევთ, არამედ იმაშია, რომ რაღაც დაგიბრუნოთ. თქვენი ბავშვობა და თავისუფლება“, - განაცხადა დანიის მთავრობის მეთაურმა.
თითქმის ერთი წლის წინ დანიის მთავრობამ სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვის შესახებ პოლიტიკური შეთანხმება უკვე გააფორმა. თუმცა კანონპროექტის პარლამენტში მიღება ვერ მოესწრო, რადგან ფრედერიქსენმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გამოაცხადა.