თამაზ ელიზბარაშვილი თვლის, რომ მას პროვოკაცია მოუწყო დასანქცირებულმა ტელეკომპანია ,,იმედმა’’ და რუსულმა აგენტურამ საქართველოში, - ამის შესახებ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ლექსო ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ადვოკატი წერს, ელიზბარაშვილი აგრძელებს შიმშილობას, რათა ამ გზით ამხილოს რუსული გავლენა (აგენტურა) სახელმწიფო ინსტიტუციებში;
ცოტა ხნის წინ დავტოვე გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულება, სადაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი;
პირველ რიგში მსურს საზოგადოებას ვამცნო, რომ პატიმრობაში მყოფი თამაზ ელიზბარაშვილი თავს გრძნობს მხნედ, არის საბრძოლო განწყობაზე და მთხოვა საზოგადოებისთვის გადმომეცა გულწრფელი მადლობა იმ სოლიდარობისთვის, რომელიც მისი დაკავების მომენტიდან დღემდე გრძელდება; ბატონმა თამაზმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა თავისუფალი მასმედიის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებთ მასთან დაკავშირებული პროცესის ობიექტურად გაშუქებისთვის;
თამაზ ელიზბარაშვილმა მთხოვა კონკრეტული გზავნილები გამეცნო ფართო საზოგადოებისთვის:
1. კატეგორიულად და პრინციპულად აცხადებს უარს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძვლით გათავისუფლებაზე (არ ითხოვს მოწყალებას);
2. უარს აცხადებს, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებაზე ,,დაზარალებულებთან’’ და თვლის, რომ მათ აქამდე ჰქონდათ შანსი გამოესწორებინათ საკუთარი გაუმართლებელი საქციელი, თუმცა ეს არ გააკეთეს;
3. თვლის, რომ მას პროვოკაცია მოუწყო დასანქცირებულმა ტელეკომპანია ,,იმედმა’’ და რუსულმა აგენტურამ საქართველოში;
4. აგრძელებს შიმშილობას, რათა ამ გზით ამხილოს რუსული გავლენა (აგენტურა) სახელმწიფო ინსტიტუციებში;
5. თვლის, რომ არ არსებობს მისი პატიმრობაში ყოფნის მინიმალური საფუძველიც კი",- წერს ლექსო სვიმონიშვილი.