დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსეთის იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი.
ამის შესახებ დნიპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ ჰანჯამ განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია.
მისი ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც - 13, 14 და 15 წლის ბიჭები.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა პავლოგრადზე დაახლოებით 16:25 საათზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში. თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილებს, სავაჭრო ჯიხურებსა და მაღაზიას.
თავდასხმის შედეგების ლიკვიდაციისას ორი მაშველიც დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დღეს, 10 სექტემბერს, რუსეთის ძალებმა დნიპროს ორჯერ შეუტიეს. იერიშის შედეგად დაზიანდა ზეთის მწარმოებელი ქარხანა „ოლეინა“, , რომელიც ამერიკული კომპანიის, Bunge-ს შემადგენლობაში შედის.
თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ხუთი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.
მედიის ინფორმაციით, რუსეთის იერიშის გამო ქარხანამ მუშაობა შეაჩერა. საწარმოს არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.