უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და გაძლიერების მიზნით, კანადამ უკრაინისთვის ახალი მხარდაჭერის პაკეტი გამოაცხადა.
შესაბამისი განცხადებები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კანადაში ვიზიტისა და კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან შეხვედრის დროს გაკეთდა.
როგორც იუწყებიან, კანადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს თითქმის 435 მილიონი კანადური დოლარის ოდენობის ახალ საკრედიტო გარანტიებს გადასცემს. თანხები ენერგეტიკული უსაფრთხოების მხარდაჭერას მოხმარდება, მათ შორის ზამთარში გაზის შესყიდვასა და განახლებადი ენერგიის გენერატორების შეძენას, რათა ელექტროენერგიის დეფიციტის პერიოდში მისი წარმოება იყოს შესაძლებელი.
გარდა ამისა, კანადა უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად Export Development Canada-ს მეშვეობით 200 მილიონ კანადურ დოლარს შეღავათიანი სესხების სახით გამოყოფს. კანადის მთავრობის განცხადებით, ეს უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარება და კანადურ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, მხარი დაუჭირონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს.
მხარდაჭერის პაკეტი ასევე ითვალისწინებს უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში დამატებით 10 მილიონი კანადური დოლარის გადარიცხვას, რის შედეგადაც კანადის მიერ ფონდში გამოყოფილი თანხის საერთო მოცულობა 100 მილიონ დოლარს მიაღწევს. თანხები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას, მათ შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული აღჭურვილობის შეძენასა და მიწოდებას მოხმარდება, რაც უკრაინელების ენერგეტიკული კრიზისების მიმართ მდგრადობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ამასთან, კანადა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ერთობლივი სამუშაო პროგრამისთვის დამატებით 2 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს. დაფინანსება უკრაინის ენერგეტიკული რესურსების განვითარებას, ენერგეტიკული მდგრადობის გაძლიერებასა და მარეგულირებელი მიმართულების მხარდაჭერას მოხმარდება და სუფთა ენერგიის სფეროში პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.