7 ივნისს, 20:00 საათზე, „რკინის თეატრის" ახალი შენობა გაიხსნება.
ბუდაპეშტის ქუჩის პირველ ნომერში, არსებობას იწყებს პირველი თეატრი საბურთალოს ცენტრში, გამორჩეული ექსტერიერით, უნივერსალური შესაძლებლობების სივრცით, მსახიობთა ახალი სახეებით. ქალაქს ემატება როგორც ახალი კულტურული კერა, ასევე საინტერესო არქიტექტურული ნაგებობა. „რკინის თეატრის" კონსტრუქციულ ნაწილში გამოყენებულია 100 ტონამდე რკინა, თუმცა, თეატრის სახელწოდება მხოლოდ ამის გამო არ არის შერჩეული.
„რკინის თეატრის" ახალი შენობის გახსნაზე სპექტაკლის „ფერმა" დახურული ჩვენება გაიმართება.
ჯორჯ ორუელის ცნობილი ნაწარმოების „ცხოველების ფერმა" მოტივებზე სპექტაკლი რეჟისორმა დავით ანდღულაძემ დადგა.
სპექტაკლში მონაწილეობენ: მარიამ ამაშუკელი, ზაზა თაგოშვილი, კახა ნოზაძე, ნოდარ სიმსივე, გიორგი ტრაპაიძე, თორნიკე ჩეკურიშვილი.
პირველად, „რკინის თეატრი", მაყურებლის წინაშე, 2011 წელს, ბერტოლტ ბრეხტის "სამგროშიანი ოპერის" მოტივებზე დადგმული, დავით ანდღულაძის „სულ სხვა ოპერით" წარსდგა. სპექტაკლი ღია ცის ქვეშ თამაშდებოდა და დღემდე რჩება თეატრის რეპერტუარში.
სპექტაკლის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი.