ხვალ, 2 ივნისს, 17:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული კონკურსის „მომავლის მწერალი" გამარჯვებულების დაჯილდოება.
დაჯილდოების ცერემონიას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, კონკურსის ჟიურის წევრები და მონაწილეები, მწერლები, გამომცემლები და რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრებიან.
კონკურსი „მომავლის მწერალი" საქართველოს 11 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფონდის „საზოგადოებრივი თანადგომა" ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა. კონკურსი მიზნად ისახავდა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენას და საზოგადოებისთვის გაცნობას. „მომავლის მწერალი" 3-13 აპრილს გაიმართა და მასში მონაწილეობდა დუშეთის, ყაზბეგის, თიანეთის, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ქედას, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 200 მდე მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე.
კონკურსის მონაწილეებმა პროზაული ნაწარმოებები(მოთხრობა, ნოველა) დაწერეს, რომლებიც 3 წევრისგან დაკომპლექტებულმა კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის წევრები: „ლიტერატურული გაზეთის" რედაქტორი ირაკლი ჯავახაძე, ჟურნალისტი, მწერალი ბექა ქურხული, ლიტერატურული კონკურსის „საბა" გამარჯვებული მაკა ლდოკონენი.
კონკურსის პირობის თანახმად გამოვლინდა 7 ფინალისტი: ნათია გოლეთიანი, ვიქტორ ჯელაძე, ნინო ქუშაშვილი, მარი პატარაშვილი, მარიამ ნინაშვილი, გიორგი ჭინჭარაული, თემურ ზოიძე.
ჟიურის განსაკუთრებული სიმპათია დაიმსახურეს: ნათია ციგრიაშვილმა, ომარ ჩხეიძემ, ნინო უგრეხელიძემ და ნინო გვენცაძემ.
კონკურსის დასკვნითი ღონისძიებაზე 7 ფინალისტიდან გამოვლინდება 3 გამარჯვებული: I ადგილზე გასულ კონკურსანტს გადაეცემა ფულადი პრემია 500 ლარის ოდენობით;II ადგილის მფლობელს გადაეცემა პრემია 400 ლარის ოდენობით;III ადგილზე გასული ფინალისტი მიიღებს 300 ლარს.
ჯილდო 100 ლარის ოდენობით გადაეცემა დანარჩენ 4 ფინალისტსაც.
პროექტში გამარჯვებულ ავტორთა ნაწარმოებები დაიბეჭდება "ლიტერატურულ გაზეთში" და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. შვიდივე ფინალისტს ფულად ჯილდოებთან ერთად გადაეცემა დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები.