საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო თანხების მითვისების და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, სამშენებლო კომპანია „ოდას" დირექტორი ნოდარ ჯიშკარიანი დააკავეს, ხოლო სამსახურეობრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის, ინფრასტრუქტურის და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი, ალექსანდრე ხაჩიური და ამავე განყოფილების უფროსი სპეციალისტები, გიორგი იორამაშვილი და გიორგი შერმადინი იქნენ დაკავებულნი.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წელს, გორის მუნიციპალიტეტსა და შპს „ოდას" შორის, გორის რაიონში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას შპს „ოდა"-ს დირექტორმა ნოდარ ჯიშკარიანმა საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებისა და გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხები მიითვისა. ასევე დადგენილია, რომ გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ხაჩიურმა და ამავე განყოფილების უფროსმა სპეციალისტებმა გიორგი იორამაშვილმა და გიორგი შერმადინმა არა ჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობები, არ შეამოწმეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, რითაც ხელი შეუწყვეს ნოდარ ჯიშკარიანის დანაშაულებრივ ქმედებას.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 210-ე და 342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.