,,დავით უსუფაშვილის კომენტარი შეიძლება განვიხილოთ როგორც მოწოდება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისადმი", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად კვაჭანტირაძემ პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადების საპასუხოდ.
მისივე განმარტებით, დღეს როგორც არასდროს საქართველოს ევროპელი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება.
,,როცა საუბარია მხარდაჭერაზე საქართველოს ისე როგორც დღეს, მათი მხარდაჭერა არ დასჭირებია, ამიტომ ველოდებით ევროპელი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერას და მაპის მიღება მათი მხარდაჭერის ყველაზე სწორი გამოხატულება იქნება", _აცხადებს კვაჭანტირაძე.
,,ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე თუ საქართველო მაპს ვერ მიიღებს რა საფრთხეები შეიძლება გამოიკვეთოს ევროინტეგრაციის კუთხით?_ზვიადD კვაჭანტირაძე პასუხობს:
,,ასე ნუ დავსვამთ მაინც და მაინც საკითხს, რომ საფრთხეები გარდაუვალია. ჩვენ უზრუნველყოფთ ყველა იმ საგარეო-პოლიტიკურ იდეოლოგიის შექმნას, რომელიც დააჩქარებს და ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, _განაცხადა კვაჭანტირაძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია დამოკიდებულია იქნება არა მხოლოდ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერაზე, არამედ პასუხისმგებლობა ხელისუფლებასაც ეკისრება.
,, დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენ ხელისუფლებას, მათ შორის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც, ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარების კუთხით. ვფიქრობ, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ძირითადი, გადამწყვეტი გასაღები ჩვენს ხელშია", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კვაჭანტირაძემ.
საქართველოს კონკრეტული შედეგის - მაპის მოლოდინი აქვს და იმ შემთხვევაში თუ ეს შედეგი არ დაიდო, მაშინ შესაძლოა გარკვეული საფრთხეები ევროინტეგრაციის კუთხითაც გამოიკვეთოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტალინში, ესტონელ კოლეგა ენე ერგმასთან შეხვედრის შემდეგ.