სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ნატო-ს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში ალიანსის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და მოკავშირეების დაცვაში მონაწილეობას არ აპირებს.
ფიცოს თქმით, მას არ სურს, რომ სლოვაკეთი სამხედრო კონფლიქტში ჩაერთოს და აღნიშნა, რომ ევროპაში ვითარება პანევროპული სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობის თვალსაზრისით „არასდროს ყოფილა ისეთი სერიოზული და დაძაბული, როგორიც ახლაა“.
გამოსვლისას სლოვაკეთის მთავრობის მეთაურს რუსეთი არც აგრესორ სახელმწიფოდ და არც ევროპისთვის სამხედრო საფრთხის წყაროდ არ უხსენებია.
მან ასევე გააკრიტიკა ევროპაში თითქოს არსებული „სამხედრო რიტორიკა“.
„მეჩვენება, რომ ზოგჯერ ისეთი პრობლემების გადაჭრის უუნარობას, როგორიცაა არალეგალური მიგრაცია, კონკურენტუნარიანობა და ენერგორესურსებზე მაღალი ფასები, ანაცვლებს ეს საომარი საუბრები: მოდი, ვიბრძოლოთ. ღმერთო ჩემო, ვისთან გვინდა ბრძოლა? ვისთან?“ - თქვა მან.
ფიცომ ნატოს მე-5 მუხლზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ერთ წევრ ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმა ალიანსის ყველა წევრზე თავდასხმად მიიჩნევა. ამ კონტექსტში მან თქვა:
„შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ქალბატონებო და ბატონებო, რომ ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლი ამოქმედდეს? ვინმეს შეუძლია ამის წარმოდგენა? ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს, რომ გვითხრან: მოამზადეთ 5 000 ჯარისკაცი, 10 000 ჯარისკაცი და ისინი სადღაც საბრძოლველად წავიდნენ? ჩვენ კი არც კი გვეცოდინება, ვისთან, რატომ და რისთვის. არ მინდა, რომ მე-5 მუხლის გამო სლოვაკეთი რომელიმე სამხედრო კონფლიქტის ნაწილი გახდეს. როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სლოვაკეთი არასოდეს აღმოჩნდეს სამხედრო კონფლიქტში ჩათრეული“, - განაცხადა ფიცომ.