რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ „სლავნეფტ-იაროსლავლნეფტეორგსინტეზმა“ უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ნედლი ნავთობის გადამუშავება შეაჩერა . ამის შესახებ Reuters ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს წყაროების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად საწარმოში დაზიანდა ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი АВТ-3, რომლის წარმადობა დღეში 17 140 ტონას შეადგენს - ეს ქარხნის მთლიანი გადამამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 40%-ია.
საწარმოში ნავთობის პირველადი გადამუშავების კიდევ ორი დანადგარია: АТ-4, რომლის დღიური წარმადობა 11 430 ტონაა (27%), და АВТ-4 - 14 300 ტონა (33%). АВТ-4 უკვე შეკეთებაზე იყო, მას შემდეგ, რაც ის 28 აგვისტოს დრონების წინა თავდასხმის შედეგად დაზიანდა.
ბაზრის მონაწილეების ინფორმაციით, ხუთშაბათს იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიერ წარმოებული საწვავი შიდა სასაქონლო ბირჟაზე გასაყიდად აღარ გამოჩენილა.
ქარხანა მოსკოვიდან დაახლოებით 250 კილომეტრში, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.
„სლავნეფტ-იაროსლავლნეფტეორგსინტეზი“ კომპანია „სლავნეფტის“ საკუთრებაა, რომელსაც ერთობლივად აკონტროლებენ „როსნეფტი“ და „გაზპრომ ნეფტი“. საწარმოს ნედლი ნავთობის გადამუშავების საერთო სიმძლავრე წელიწადში 15 მილიონი ტონაა (დღეში 300 ათასი ბარელი).
2024 წელს ქარხანამ 14.9 მილიონი ტონა ნავთობი გადაამუშავა და 2.6 მილიონი ტონა ბენზინი, 4 მილიონი ტონა დიზელის საწვავი და 4.7 მილიონი ტონა მაზუთი აწარმოა.